თბილისის მერია

მერია: "პატრიოტების" ბანერები იერსახეს არ ამახინჯებს, შავგულიძეზე - საბჭომ გადაწყვიტა

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, რამდენიმე დღეა, პატრიოტთა ალიანსის ბანერები გამოჩნდა. მათ ბანერების გაკვრის ნებართვა მერიისგან მიიღეს. 

როგორც ტაბულას მერიაში უთხრეს "პატრიოტებმა" ნებართვა 30 მაისს მიიღეს და მათი ბანერები დედაქალაქის იერსახეს არ ამახინჯებს. 

"არქიტექტურის სამსახურმა განიხილა საკითხი და ვინაიდან, მოთხოვნილ მისამართებზე დროებითი ბანერების განთავსება ქალაქის იერსახის დამახინჯებას არ იწვევს, (როგორც სხვა პოლიტიკური ჯგუფების შემთხვევაში, მაგ.- ალ. ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" მთაწმინდის შუალედური არჩევნები) სამსახურმა მითითებულ მისამართებზე ბანერების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოხატა",- ამბობენ მერიაში. 

კითხვაზე, ელისაშვილის მსგავსად, შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერებიც თუ ამახინჯებდა იერსახეს და ვინ მიიღო მათი ჩამოხსნის გადაწყვეტილება, მერიაში თქვეს, რომ საკითხი ძველ თბილისს ეხება და შავგულიძის შემთხვევაში გადაწყვეტილება მემკვიდრეობის საბჭომ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში, ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. ბლოკის წევრებმა მერიის ზედამხედველობის ამ ფაქტს მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის  დისკრიმინაციად შეაფასეს. ბანერების ჩამოხსნის შესახებ ოპოზიციის შეფასებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა, რადგან ბანერების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ.

კომენტარები