ხორავას ქუჩის საქმე

კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე: საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი გარემოებები დაადგინა

ირაკლი კობახიძე
პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, მის ხელმძღვანელობას და მთლიან შემადგენლობას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

მისი თქმით, კომისიის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი გარემოებები დადგინდა. 

"ეს არის პირველი, მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდის წევრები ასევე, ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ წინ იყო მეორე ინსტანცია, წინ იყო მესამე ინსტანცია. წინ იყო გამოძიება, მათ შორის, იყო გარკვეული მიმართულება გამოძიებაში, რომელიც საერთოდ არ იყო, პრაქტიკულად, განვითარებული, მაგალითად, იგივე დანაშაულის დაფარვის ნაწილში, პრაქტიკულად, გამოძიებას არ ჰქონდა გაშლილი საკუთარი საქმიანობა. ყოველთვის ვაცხადებდით ჩვენ, რომ ჯობდა, დავლოდებოდით მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას, მანამდე გამოძიებას და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოოდ დაიხურებოდა ეს საქმე, იქ სჯობდა, გაგვეკეთებინა დასკვნები და რეალურად, გამოჩნდა, რომ ვიყავით მართლები, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პირველი, და თან, ეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმე, სადაც სწრაფ ტემპში უწევს გამოძიებას მოქმედება, შესაბამისად, სწრაფ ტემპში წავიდა საქმე პირველ ინსტანციამდე და ამანაც განაპირობა ის, რომ სრულფასოვნად ვერ ჩამოყალიბდა განაჩენი პირველი ინსტანციის დონეზე, თუმცა, უკვე მერე იყო სათანადო დრო მეორე ინსტანციამდე და აქ უკვე არსებითად შეიცვალა ვითარება",- ამბობს კობახიძე. 

მისი თქმით, დადგენილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო, სადაც იყო რამდენიმე მოწოდება, მათ შორის, იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მიმართულებით გაგრძელებულიყო გამოძიება და ეს ეხებოდა კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც.

"მეორე ნაწილია, ასევე, ამ დადგენილებაში, რომელიც ეხება შესაძლო გადაცდომებს თუ სხვა სამართალდარღვევებს, შესაძლო ჩადენილს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია დღესაც რჩება ძალაში. საქმეში აშკარად ჩანდა გარკვეული ხარვეზები გამოძიებაში, მათ შორის, იქ იყო იგივე, დაკითხვები შეიძლება ჯობდა, ჩატარებულიყო და არ ჩატარდა, ჩხრეკა და ასე შემდეგ, არაერთი გარემოება იყო მოცემული და თუ ამ გარემოებების და ხარვეზების უკან დგას სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, რეაგირება არის აუცილებელი. სწორედ ეს წერია საპარლამენტო დადგენილებაში“,- ამბობს კობახიძე.

 

შეგახსენებთ, 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

3 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

გ.ჯ-ს სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ-ს - სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ეკა აროშიძის 1 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში კი უდანაშაულოა.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მას მაინც დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

პროკურატურა ამბობდა, რომ ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, რომ გ.ბ არ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ გ.ბ-ს დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.

კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 5 სექტემბერს მოითხოვდა. 

თუმცა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაში მიხეილ კალანდიას დაკავება ერთადერთი რეკომენდაცია არ ყოფილა. ევროპული საქართველოს წევრები მთელი რიგი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ, როგორც პოლიტიკურ, ისე სისხლისსამართლებრივ ნაწილში. 

კერძოდ, საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით. 

კომისია ასევე საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა.

კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვდა, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

და ბოლოს, კომისია მოითხოვდა, დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დაკავებული თანამდებობები დაეტოვებინათ.

 

კომენტარები