არჩევნები 2019

ცესკოში 5 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ ხოშტარია დეპუტატია, თუ არა

ტაბულა

საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ლიდერები, ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ცესკოში მივიდნენ. მათ თამარ ჟვანიასთან სურთ შეხვედრა. 

ბლოკის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარისგან აინტერესებთ, შეთანხმებისამებრ, რატომ არ ამოწმებდნენ ამომრჩეველს წინასწარ მომზადებული პლანშეტებით. ხოშტარია ფიქრობს, რომ ამომრჩეველთა არშემოწმება ე. წ საარჩევნო კარუსელის საფრთხეს ქმნის. 

ხოშტარიასა და გოგუაძეს თავდაპირველად შენობაში არ უშვებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. საშვთა ბიურო 5 წუთის განმავლობაში ამოწმებდა, ელენე ხოშტარია ნამდვილად არის თუ არა პარლამენტის დეპუტატი, რომელსაც კანონით, ყველა სახელმწიფო შენობაში შეუძლია შესვლა. 

შენობაში შესვლის შემდეგ კი, ელენე ხოშტარიამ და ნინო გოგუაძემ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. თამარ ჟვანიას მდივანმა მათ უთხრა, რომ არ იცის, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოშია თუ არა.

"დილიდან უბნებზე დაწყო მასობრივი კანონდარღვევა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც მიდის უბანზე, უნდა იყოს გადამოწმებული სიაში, რადგან უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის ამ უბნის ამომრჩეველი. ეს რომ მომხდარიყო მშვიდად, არეულობის და კონფლიქტის გარეშე, ჩვენი პარტიის წევრების შეხვედრა წინასწარ შედგა ცესკოს თავმჯდომარესთან, სადაც შევთანხმდით, რომ ცესკო უზრუნველყოფდა ბევრ პლანშეტს და გადამოწმდებოდნენ ადამიანები. დილიდან, მე ვიყავი პირადად რამდენიმე უბანზე და ასევე მომდის ინფორმაცია სხვადასხვა უბნიდან, რომ საერთოდ არ იყენებენ პლანშეტებს, ხოლო დამკვირვებლების და წარმომადგენლების მოთხოვნას უბრალოდ იგნორით პასუხობენ. ამიტომ, ცესკოს თავმჯდომარეს ამ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა" - თქვა ელენე ხოშტარიამ ცესკოში შესვლამდე.

მთაწმინდის ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მასში ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.

კომენტარები