მეორე ტური მთაწმინდაზე

ბაქრაძე: ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ეს

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბაქრაძემ ხმა #27 საარჩევნო უბანზე მისცა. 

"მე ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლისთვის, მთაწმინდელებისთვის დღეს არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებასა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სრულიად ნათელი და გასაგები და ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას, მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მათ", - თქვა დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება უბნების დალაგება" და მსგავს ფაქტებს მეორე ტურამდეც ჰქონდა ადგილი. 

"ქართული ოცნების საფირმო სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება უბნებზე სიტუაციის "დალაგება" და ეს "დალაგება" მიმდინარეობდა ამჯერადაც. ჩვენ გვქონდა წინასწარი ინფორმაცია ამომრჩეველზე ზეწოლის, მათზე სხვადასხვა არაკანონიერი ან ნახევრად კანონიერი მეთოდების გამოყენებით მუშაობის. წინა დღეებში ეს ინფორმაცია იყო და მედია და საზოგადოება ამ ინფორმაციას იღებდით.

რაიმე განსაკუთრებულ გართულებას უბნებზე დღეს არ ველოდებით. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც წინა დღეებში ქართული ოცნება მუშაობდა და ცდილობდა, დარწმუნებინა ხმის მისაცემად, მოვა და ყველას გაახსენდება, რომ ცხოვრება არ შედგება არჩევნებამდე 3 დღისგან. ცხოვრება შედგება წლებისგან, როდესაც ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია მათთვის, მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და იმედი მაქვს, ყველა ეს ადამიანი მხარს დაუჭერს ცვლილებებს", - თქვა ბაქრაძემ. 

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. 

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან. 

08:00 საათზე მთაწმინდის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა. 

უბნებზე ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

1-ლ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%.

კომენტარები