მეორე ტური მთაწმინდაზე

"ოცნების" წევრი ოპოზიციაზე: ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსი აქვთ, ძველი ბიჭების ეშინიათ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

"ჩვენს კონკურენტებს, მე მგონი, კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც ძველი ბიჭების ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია" - ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ სოხაძე მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

"ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა, მათ შორის, საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ე.ი. ის ღირსეული ადამიანია და ძალიან კარგია, თუ ასეთი ადამიანების უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერია. ამას მივესალმებით ნამდვილად და ეს ჩვენი კონკურენტების პრობლემაა, თუ ისინი ამაში საფრთხეს ხედავენ," - უთხრა რუსთავი 2-ს საკრებულოს დეპუტატმა. 

4 ივნისს საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველოს - თავისუფალი დემოკრატები" ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მთაწმინდაზე საარჩევნო გარემო შეაფასა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი. 27 მაისს შავგულიძის შტაბმა ოფიციალურად მიმართა მერიას, აღნიშნულ ლოკაციებზე ბანერების განთავსების ნებართვა გაეცათ. ბოკერიას თქმით, 28 მაისს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი უნდა განიხილონ საბჭოზე და არჩევნებამდე 5 დღით ადრე, 3 მაისს გასცა ბანერების დაკიდებაზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ირმა ინაშვილის ანალოგიური ბანერები ქალაქის ცენტრში გამოკრული იყო თვეების განმავლობაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მერიას მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ გადაწყვეტილება საბჭოებზე განხილვის შემდეგ უნდა მიიღონ, ჩვენთვის დროის გაწელვა კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლას წარმოადგენს",- აღნიშნა ბოკერიამ. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები.

"30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაცცდილობდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი. ალი ბაბაევმა თავი დაგვამახსოვრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვით, რომელმაც ადამიანს შარდი წაუსვა სახეზე და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გაკეთებული კომენტარით - "აფგან მუხთარლისნაირი „მუხთარლები" საქართველოში მრავლად არიან"",- თქვა მან.

ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.

"კერძოდ, ოქროყანაში, 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ. ოქროყანაში ქართული ოცნების სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად კალაბოკა. ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას. პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გააფრთხილეს - იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში",- აღნიშნა მან. 

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას. მისი თმით, შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით.

გიგა ბოკერია მოუწოდებს შსს-ს და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარ ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

ბოკერიამ მიმართა ამომრჩეველს, რომ ზეწოლის, მუქარის და დაშინების ერთადერთი წამალი არის არჩევნებზე მისვლა და თითოეული მოქალაქის მხრიდან საარჩევნო ყუთთან ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა და ნების დაფიქსირება.

კომენტარები