ბიზნესი

საქსტატი: პირველ კვარტალში ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 22.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 27.5%-იან ზრდას ნიშნავს.

პროდუქციის გამოშვება ბიზნესის სექტორში 9%-ით გაიზარდა 9 მილიარდ ლარამდე.

ბრუნვის 54.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.4% საშუალოზე, 28.1% კი მცირე ბიზნესზე. პროდუქციის გამოშვების 41.3% მსხვილ ბიზნესს ეკუთვნის, საშუალოს 24.8% პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესს 33.9%.

შემცირდა ბიზნესის სექტორში დასაქმებულების რაოდენობა - თუ გასული წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი 665.5 ათასის ტოლი იყო, მეოთხეში კი 684.5 ათასის, 2019 წლის პირველ კვარტალში ამ სექტორში 663.8 ათასი ადამიანი მუშაობდა.

საშუალო ხელფასი თვეში 1 151.9 ლარს შეადგენდა. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულებისთვის ეს მაჩვენებელი 1 205.6 ლარი იყო, საშუალო ბიზნესში 1 291.2 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში 1 017 ლარი.

ბიზნესის მთლიან ბრუნვაში 77.4% თბილისზე მოდის. დედაქალაქს აჭარა და ქვემო ქართლი მოსდევს შესაბამისად 6% და 5.1%-ით.

კომენტარები