ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი: გ.ბ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავეა, აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის განაჩენს გამოაცხადებს.

პროკურატურა სასამართლოში პირველი ინსტანციის 1 წლის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც:

  • მოსამართლე ეკა აროშიძემ ერთი ბრალდებული, გ.ბ. დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა.
  • მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.
  • შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძისმკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ბ ნამდვილად არის დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე და ეკა აროშიძემ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გამოაცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ პირველი ინსტანციის მიერ უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შეცვლილი, თბილისის სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ბრალდების მხარის საჩივარს და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და კანონს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იქნება გათვალისწინებული, კერძოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება გ.ბ-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობას. როგორც მოგეხსენებათ, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი. დანარჩენ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

საუბარია იმაზე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა კონკრეტულ მტკიცებულებებთან მიმართებით, რომელიც ცალსახად მიუთითებდა გ.ბ-ს დანაშაულზე, გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, წარმოდგენილ იქნა როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები და მიგვაჩნია, რომ ერთობლიობაში ეს მტკიცებულებები ცალსახად დაადასტურებს ამ ორი ბრალდებულის ბრალეულობას.

კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ყველა მტკიცებულება, მათ შორის ჩვენ მიერ წარდგენილი მიხელ კალანდიას ჩვენება იქნება სანდოდ მიჩნეული", - თქვა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა: 

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა.

საპარლამენტო კომისიამ, საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ:

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მ.კ.-ს და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომისიის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომენტარები