ნეიმარი

ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, ბრაზილიელი ვარსკვლავი ბრალდებებს უარყოფს

ფეხბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი საჩივარი სან პაულოს პოლიციაში შევიდა. ქალი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ირწმუნება, რომ ნეიმარმა მასზე პარიზში იძალადა, სადაც ის PSG-ში თამაშობს.

პოლიციის დოკუმენტების მიხედვით, ფეხბურთელმა ქალი Instagram-ზე გაიცნო და პარიზში შეხვედრა შესთავაზა. მან ქალს ბრაზილიიდან საფრანგეთში გასამგზავრებელი ბილეთიც უყიდა და პარიზის ერთერთი სასტუმროს ნომერი დაჯავშნა.

ქალი ირწმუნება, რომ 15 მაისს სასტუმროში ფეხბურთელი ნასვამი მივიდა, საუბრის დროს აგრესიული გახდა და ძალის გამოყენებით, ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ქალი ბრაზილიაში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ისე, რომ საფრანგეთის პოლიციისთვის არაფერი შეუტყობინებია, რადგან "ემოციურად შეძრული იყო და ეშინოდა სხვა ქვეყანაში ფაქტების გამჟღავნების".

მას შემდეგ, რაც ბრალდება საჯარო გახდა, ფეხბურთელის მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ის "მთლიანად უარყოფს უსამართლო ბრალდებებს".

მოგვიანებით ფებურთელის მამამ ბრაზილიურ ტელევიზიას უთხრა, რომ "ნათელია, ეს მახე იყო". მისი თქმით, თუ სიმართლე სწრაფად არ გაირკვევა, გავრცელებულ ამბავს თოვლის გუნდის ეფექტი ექნება, ამიტომ, თუ საჭირო გახდა, ქალისა და ნეიმარის WhatsApp-ის მიმოწერასაც გაასაჯაროებენ.

კომენტარები