აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა.

8 კანდიდატიდან, მრჩეველთა საბჭომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ აირჩია.

პირველ და მეორე კენჭისყრაზე ხმები ერთნაირად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე - 2 ხმა, ირმა ზოიძე - 1 ხმა, ნათია ზოიძე - 1 ხმა, შოთა გურაბანიძე - 1 ხმა.

საბჭოს წევრები დაეთანხმნენ მეორე ტურის დანიშვნას, რომელიც 3 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს.

მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა, ანუ სამი ადამიანის მხარდაჭერა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტებით შესულმა წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ დირექტორი საბჭოს პატივს არ სცემს, ტელევიზიის რეიტინგი განახევრებულია და პრიორიტეტები არ სრულდება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები