ფოთის ახალი ნავსადგური

ფოთის მერია: ნავსადგურის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები 250 მილიონი დოლარი დაჯდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია - Municipality of Poti City

"ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია facebook-ზე ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობაზე ნებართვა 2 მაისს გასცა. 

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს , 2 მაისის # 77-04 ბრძანების თანახმად დამტკიცდა ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU -ს გადამუშავებას წელიწადში.

ფოთის ნავსადგურის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი მასშტაბის პროექტი ქალაქ ფოთში არ განხორციელებულა.ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება ევროპული ინვესტიციებით. სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით“, - წერია განცხადებაში.


ფოტო: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია - Municipality of Poti City

ასევე, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ულოცავს აღნიშნულ ფაქტს სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალურ დირექტორს ბატონ კლაუს ლაურსენს, ნავსადგურის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ფოთელს და პროექტის უმოკლეს დროში წარმატებით განხორციელებას უსურვებს.

"დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება" - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და აღნიშნულ საკითხებზე სათანამშრომლოდ იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ცნობისთვის, აღნიშნულს ანაკლიის კონსორციუმი გამოეხმაურა და საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ მთავრობამ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გასცა და მათ ეს ამბავი დაუმალა, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასება მოჰყვა. 

"შესაბამისად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება",- წერია განცხადებაში. 

კომენტარები