ნიშნიანიძის ხომალდი

ყოფილმა დეპუტატმა, რომელსაც ქუთაისში პორტის მოწყობა სურდა, ჭყვიშამდე მისაცურად ხომალდი ააგო

საქართველოს მე-8 მოწვევის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ხომალდი ააგო და აპირებს, რომ ფოთიდან ვანში, სოფელ ჭყვიშამდე ამ ხომალდით მის სტუდენტებთან ერთად გაცუროს. ომარ ნიშნიანიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ეს ქმედება ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის თავს ეძღვნება და მის მსგავსად საქართველოს ისტორია უნდა გააცოცხლოს. 

"თანამედროვე არგონავტები, ისტორიის გაცოცხლება," - ამ დევიზით ომარ ნიშნიანიძე სტუდენტებთან ერთად თავისივე აგებული ხომალდით ფოთიდან ვანისკენ გაცურავს. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ ჩემს სტუდენტებთან ერთად, რომ გაგვეცოცხლებია ეს ისტორია, "თანამედროვე არგონავტები" დავარქვით და ვაშენებთ ხომალდს ფოთში. 31 მაისს გვექნება გამოცილება ფოთიდან და შევალთ ჭყვიშში გალაქტიონ ტაბიძის სახლმუზეუმი სადაც არის, ისე როგორც ტიმ სევერინმა გააკეთა ეს, მის მარშრუტს გავიმეორებთ. 2 ივნისს ვიქნებით ვანში, მდინარეში შევალთ, იქნება სიძნელეები, მაგრამ არ გვაშინებს. მთავარია ისტორია გავაცოცხლოთ, ალაგ ალაგ დაგვჭირდება მდინარიდან ამოყვანა, სამაშველო სამსახური დაგვეხმარება, მთავარია, რომ ძირითად ნაწილს ხომალდით გავივლით. მდინარე რომ გაწმენდილი იყოს პრობლემაც არ შეგვემნებოდა," - ამბობს ნიშნიანიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ნიშნიანიძის თქმით მისი ხომალდი სიგრძეში 14 მეტრი არის, ხოლო სიგანეში - 9. ნიშნიანიძე სტუდენტებთან ერთად ხომალდს უკვე ორი თვეა აშენებს. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ომარ ნიშნიანიძეს ქუთაისში პორტის მოწყობის იდეა ჰქონდა და ამბობდა, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი არ უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს.

კომენტარები