ორბი ჯგუფი

ოცნებისთვის 60 ათასის შემომწირველის კომპანიამ ბახმაროში ერთ ლარად მიიღო მიწა

ნინო გამისონია

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, ორბი ჯგუფმა ბახმაროში ერთ ლარად მიიღო 43 296 კვ.მ ფართობის მიწა.

განკარგულებით აგრეთვე განსაზღვრულია მინიმუმ 50 მილიონ ლარიანი საინვესტიციო ვალდებულება.

ამის შესახებ თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია.

2019 წლის 15 მაისის განკარგულებით, "შპს ორბი ჯგუფი ბახმაროს" პირდაპირი მისყიდვის ფორმით, ერთ ლარად გადაეცა მიწის ცხრა ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში.

საპრივატიზებო პირობით, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ამ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის ნაწილი მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმროც უნდა იყოს. გარდა ამისა, ამ ადგილას უნდა განთავსდეს კომერციული დანიშნულების ფართი, სპორტული მოედნები, კვების ობიექტები და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურა. განკარგულება მომდევნო ათი წლის მანძილზე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას კრძალავს.

შპს ორბი ჯგუფი ბახმაროს დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, რომელმაც 2014 წელს ქართულ ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 25 ათასი.

კომენტარები