მაღაროელების გაფიცვა

თურნავა მაღაროელებზე: მივიღე პრემიერის დავალება, ჩავალთ და ჩავერთვებით მედიაციის პროცესში

კომერსანტი

„მივიღე დავალება პრემიერმინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. თურნავას თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება, ის უშიალოდ ჩაერთვება პროცესში. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული მედიაციის პროცესში. 

„ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენს რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“, - თქვა თურნავამ. 

11 დღეა, ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ, მაღაროელებმა თქვეს, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, უარი მიიღეს. ამიტომ, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მათ ჭიათურის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სამსახურები უნდა დატოვონ. ასევე, კომპანიის ტრანზაქციებით სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მსვლელობის შემდეგ გაფიცულები ჯორჯიან მანგანეზის შენობასთან, კარვებში დაბრუნდნენ და პროტესტი გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი შიმშილობს კიდეც. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პირიც ამოიკერა. 

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლო დავას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.

კომენტარები