გაფიცული მაღაროელები

"ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ხვალ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ისაუბრა. კაკულიას თქმით, დახურული შეხვედრის შემდეგ ღია შეხვედრაც იქნება.

"საკმაოდ რთული სიტუაციაა და ვალდებულები ვართ ჩავერთოთ, კომიტეტს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე, საჭიროდ მივიჩნიე, ერთ მხარეს მოვუსმინოთ და შემდეგ მყისიერად შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება სხვანაირი ჩართულობისაც. ვფიქრობ, დახურული ფორმატით მეტად საქმიანი შეხვედრა იქნება და შემდეგ უკვე შეგვიძლია, ყველა მხარის მონაწილეობით ხვალვე ან ზეგვე გავმართოთ ღია შეხვედრა, ამაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ რეაქციის გარეშე დატოვება არარ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ რამდენად სამართლიანია მოთხოვნები, რამდენად არის გადაწყვეტადი, სახელმწიფოს რა როლი არის ამ ყველაფერში, გვინდა, აღნიშნულ კითხვებზე მოვისმინოთ პასუხები,“ - ამბობს კაკულია.

11 დღეა, ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ, მაღაროელებმა თქვეს, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, უარი მიიღეს. ამიტომ, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ მათ ჭიათურის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს. გაფიცულების თქმით, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სამსახურები უნდა დატოვონ. ასევე, კომპანიის ტრანზაქციებით სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მსვლელობის შემდეგ გაფიცულები ჯორჯიან მანგანეზის შენობასთან, კარვებში დაბრუნდნენ და პროტესტი გააგრძელეს. რამდენიმე მათგანი შიმშილობს კიდეც. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პირიც ამოიკერა. 

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ თქვა, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, ამიტომ მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლო დავას დაიწყებს. მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია.

კომენტარები