აშშ-ირანი

აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, დაახლოებით, 1500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს

Military Times

24 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაძაბული ურთიერთობის გამო, მეტწილად, თავდაცვითი ღონისძიებისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჯარებს გააგზავნიდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა თქვა, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 1 500 იქნება.

ამერიკელ ჯარისკაცებს აშშ-ის ძალების თავდაცვა და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლების დაცვა დაევალებათ.

"ჩვენ გვინდა, რომ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვა გვქონდეს. მეტწილად, თავდაცვისთვის ჩვენ ვაპირებთ შედარებით მცირე რაოდენობის ჯარების გაგზავნას," - აღნიშნა ტრამპმა.

მან თქვა, რომ ამჟამად არ ფიქრობს მეტი ძალის გაგზავნის საჭიროებაზე "თუმცა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი რაოდენობა ადგილზე იქნება".

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ნავთობის ფასებზეც აისახა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

კომენტარები