აშშ-საქართველო

"საქართველოს მხარდაჭერის აქტი" - რა დახმარებას ჰპირდება აშშ საქართველოს

2019 წლის 22 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (კონგრესის) საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმ კანონპროექტის გამარტივებული წესით მიღებას, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას მრავალი მიმართულებით ჰპირდება.

დოკუმენტს "საქართველოს მხარდაჭერის აქტი" ჰქვია.

ის წარმომადგენელთა პალატას 2019 წლის 16 იანვარს ჯერი კონოლმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა წარუდგინეს. 

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

დოკუმენტში წერია, რომ "საქართველოს მხარდაჭერის აქტი"ს მიღება ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე სხვა მიზნების განხორციელებას.

აქტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკაა:

  • მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განგრძობად განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
  • მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
  • მხარი დაუჭიროს საქართველოში მცხოვრები ხალხის უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი, გააკეთონ დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, სხვა ერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ჩათვლით, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევის, დაშინების და იძულების გარეშე.
  • მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
  • არ აღიაროს ძალისმიერი გზით განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონების უკანონო შეჭრა და ოკუპაცია.
  • დაგმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა პირთა დაკავების, გატაცების და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევის ფაქტები, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობების ჩათვლით;
  • საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობა, მათ შორის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულება;
  • ასევე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი/გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოებისათვის.

დოკუმენტით, აშშ საქართველოს დაეხმარება:

უსაფრთხოების კუთხით:

(ა) კონგრესის მიგნებები:

  1. ფისკალური 2018 წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველოს 2,200,000 აშშ დოლარის დახმარება გაუწია 1961 წლის საგარეო დახმარების შესახებ კანონის II ნაწილის მე -5 მუხლის ფარგლებში ( ეხება საერთაშორისო სამხედრო განათლებას და სწავლებას); ასევე, გამოუყო 35 000 000 აშშ დოლარი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად (22 USC. 2763, რომელიც ეხება საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამას).
  2. საქართველო NATO-ს დიდხნიანი ასპირანტი ქვეყანაა.
  3. საქართველომ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავღანეთში "საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მისიაში (ISAF) მონაწილეობით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციით "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ავღანეთში.

(ბ) კონგრესის მოსაზრება:

  1. კონგრესი მიიჩნევს, რომ 1961 წლის საგარეო დახმარების შესახებ კანონის II ნაწილის მე -5 მუხლის ფარგლებში და შეიარაღების ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს.

(გ) პოზიცია:

  1. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს, რომ საქართველოსთან კონსულტაციებით, გააძლიეროს საქართველოს სამხედრო წვრთნები, მდგრადობა და თავდაცვა, მათ შორის შესაბამისი დახმარებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

(დ) საქართველოს უსაფრთხოების დახმარების გადახედვა:

კანონპროექტში წერია, რომ "ამ აქტის ამოქმედების დღიდან არა უგვიანეს 180 დღისა სახელმწიფო მდივანი სხვა შესაბამის სახელმწიფო დეპარტამენტების და სააგენტოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებისას წარუდგენს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს და კომიტეტს სენატის საგარეო ურთიერთობათა შესახებ საქართველოში აშშ-ს უსაფრთხოების დახმარების მიმოხილვა". 

ასევე, კონგრესი აქტით განსაზღვრავს, რას უნდა შეიცავდეს ანგარიში: 

  • 2008 წლის ფისკალური წლიდან ამ დრომდე საქართველოსთვის აშშ-ს მხრიდან გაწეული დახმარების დეტალური გადახედვა.
  • საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეების შეფასება.
  • საქართველოს შესაძლებლობების შეფასება საკუთარი თავის დაცვის კუთხით, მათ შორის 5-წლიანი სტრატეგიისა, რათა საქართველომ გააძლიეროს პრევენცია, გამძლეობა და თავდაცვითი შესაძლებლობები.

კიბერუსაფრთხოება
 

"საქართველოს მხარდაჭერის აქტით" გათვალისწინებულია აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების კუთხით. 

  • კონგრესი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები, აშშ-ის ინტერესებთან შესაბამისობაში, და დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
  • გაუწიოს საქართველოს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც საჭირო იქნება სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის დასაცავად, განსაკუთრებით ისეთი ქსელებისა, რომლებიც საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ითვალისწინებენ.
  • უზრუნველყოს საქართველოს მხარდაჭერა რუსულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის.
  • დაეხმაროს საქართველოს, შექმნას შესაძლებლობები, გაზარდოს კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ითანამშრომლოს საერთაშორისო კიბერსივრცეში.

ამ აქტის ამოქმედების დღიდან არა უგვიანეს 180 დღისა სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აშშ-ს საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.

ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. აშშ-ის ძალისხმევას, გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობა დაიცვას, შეამციროს და რეაგირება მოახდინოს კიბერ ინციდენტებზე, ტრენინგის, განათლების, ტექნიკური დახმარების, შესაძლებლობების განვითარებისა და რისკის მართვის სტრატეგიების მეშვეობით.
  2. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ახალი სფეროები უნდა ეხებოდეს პოტენციურ კიბერ გამოწვევების, მათ შორის კიბერდანაშაულის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ავტომატიზირებული, დისტრიბუციის საფრთხის წინააღმდეგ.
  3. ნატო-ს ძალისხმევას, დაეხმაროს საქართველოს კიბერ საფრთხეების მიმართ ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაში.

რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლა

"საქართველოს მხარდაჭერის აქტი" ითვალისწინებს გაძლიერებულ მხარდაჭერას რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში.

დოკუმენტში წერია, რომ  აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს, გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.

მოთხოვნილი სტრატეგია

  1. აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღისა სახელმწიფო მდივანი, სხვა შესაბამის სახელმწიფო დეპარტამენტების და სააგენტოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებით, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს და კომიტეტს წარუდგენს სენატის საგარეო ურთიერთობათა შესახებ ანგარიშს, რომელიც ასახავს სტრატეგიის შემუშავებას სტრატეგიის განხორციელებას.

ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ძალისხმევის დეტალურ შეფასებას საქართველოს ყველა მედია პლატფორმაზე.
  • საქართველოს შესაძლებლობების შეფასებას რუსეთის ძალისხმევის შეჩერებისა და პრესის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ.
  • დეტალურ სტრატეგიას, რომელსაც კოორდინაციას უწევს ყველა შესაბამისი სახელმწიფო დეპარტამენტი და უწყება, რათა გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობები რუსული ძალისხმევის შეჩერების და ბრძოლისთვის.

აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება

კონგრესი მიიჩნევს, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობამ უნდა მიაღწიოს პროგრესს საქართველოსთან მოლაპარაკებების კუთხით, რათა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

სანქციების დაწესება

დოკუმენტში წერია, რომ უნდა დაწესდეს სანქციები ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე.

პრეზიდენტმა უნდა დააკისროს სანქციები უცხო ქვეყნის მოქალაქე ადამიანს, თუ ის სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგენს, რომ მან ამ აქტის ძალაში შესვლის დროიდან:

  • პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე ბრძანების გაცემის, კონტროლის ან რამე სხვა ფორმით მითითებისა.
  • მატერიალურად ეხმარება, სპონსორია ან გასწევს მნიშვნელოვან ფინანსურ, ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, ასევე აწვდის საქონელს ან სერვისებს პირველ პუნქტში მითითებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
  • მისი ქმედებები კონტროლდება პირველ პუნტქში ნახსენები უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.

სანქციები:

აქტივების ბლოკირება - ყველა იმ ძალაუფლების გამოყენება, რომელიც პრეზიდენტს საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების ეკონომიკური აქტით აქვს მინიჭებული, რათა, საჭიროების შემთხვევაში, პირველ პუნქტში მითითებულ პიროვნებას დაუბლოკოს და აუკრძალოს ყველა ქონების გამოყენება და ტრანზაქციები.

აქტის მიღებიდან არა უმეტეს 60 დღისა და სულ მცირე, 180 დღეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა, ხაზინის სამდივნოსთან შეთანხმებით, უნდა მოახსენოს კონგრესს დეტალური ანგარიში დანაშაულში შემჩნეული პირების შესახებ.

კომენტარები