მეორე ტური მთაწმინდაზე

"ახლა წყდება, რა გზით წავა პოლიტიკური ტრადიცია და დემოკრატია" - ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

გიგა ბოკერია
საუბარი რელიგიაზე

მთაწმინდის ოლქში 12 ივნისამდე არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. გირჩის დეპუტატობის კანდიდატის ჰერმან საბოსა და დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას, პოზიციები უკვე ცნობილია - ისინი მეორე ტურში შავგულიძეს მხარს არ დაუჭერენ. რაც შეეხება ლევან იოსელიანს, რომელიც ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობას" წარმოადგენს, მას ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

როგორ აპირებს ოპოზიციური ალიანსი ხელისუფლების კანდიდატთან ხმების სხვაობის აღმოფხვრას მეორე ტურში და რას ფიქრობენ სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებაზე? ამ საკითხებზე ტაბულა "ევროპული საქართველოს" ერთერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, ესაუბრა. 


რა ტაქტიკით აპირებთ ბრძოლას მთაწმინდის ოლქში მეორე ტურში? პირველი ტური შალვა შავგულიძემ ლადო კახაძესთან დაახლოებით 600 ხმით წააგო, თუმცა მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს, შესაძლოა, სხვა კანდიდატების ხმებიც დაემატოს. ასევე, სავარაუდოდ, ხელისუფლება მეტად ეცდება მობილიზაციას - როგორ აპირებთ ამ სხვაობის დაძლევას?

მეორე ტურში აკრძალულ ილეთებს ველოდებით, რაც ოქროყანაში პირველ ტურშიც ვნახეთ, როდესაც დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს მათი ახლობლების ციხიდან გაშვებას პირდებოდნენ. ამიტომ, გაათმაგებული მუშაობა გვჭირდება ჩვენც და დიდი იმედი გვაქვს ყველა იმ ამომრჩევლის, რომელსაც ესმის, რომ ახლა არც მხოლოდ მთაწმინდის და არც მხოლოდ ივანიშვილის დასუსტების საკითხი არ წყდება. წყდება ის, თუ როგორი გზით წავა ქართული პოლიტიკური ტრადიცია და დემოკრატია. პირველ რიგში, შალვა შავუგლიძის პერსონიდან გამომდინარე, რადგან ის პრინციპულობის, წესიერებისა და კომპეტენტურობის მაგალითია (და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენი კანდიდატია, ისედაც ასე ვთვლიდი). ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ასეთ პირობებშიც კი საარჩევნო ცვლილებების დაწყება და საბოლოო ცვლილების მიღწევა შესაძლებელია. ასევე უნდა ვაჩვენოთ ის, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა მომავალში - არა სიძულვილზე, არა ბოღმაზე დამყარებული, არამედ დამყარებული იმაზე, თუ რისი გაკეთება უნდათ ქვეყნის წინსვლისა და ამ ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანისთვის.

როგორ აპირებთ იმ თითქმის 29 000 ამომრჩევლის მოტივირებას, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა?

ამ გზავნილით, რომ ისინი ამ ქვეყანაში, ამ ოლქში ცხოვრობენ და ყველა მათგანის ინტერესშია ისეთი ტიპის კანდიდატის გამარჯვება, როგორიც შალვა შავგულიძეა, ისეთი გაერთიანების შედეგად, რომელიც შედგა, ისეთი ძალის წინააღმდეგ, რასაც დღეს ივანიშვილის გუნდი და მისი მარიონეტი ლადო კახაძე წარმოადგენს. პირველ რიგში ანგარიშვალდებულების საკითხი წყდება - მათი ძალა, მოქალაქის ძალა არის არჩევნებში. არა მხოლოდ, მაგრამ არჩევნებშიც. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არჩევნებს აქვს ძალა და არჩევნების შედეგად იწყება ცვლილებები. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. უნდა ავირჩიოთ ადამიანები, რომლებიც თავის თავს მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულად თვლიან, როგორიც შალვა შავგულიძეა და რომელსაც მყარი შეხედულებები აქვს - ეს არის ჩვენი კურსი თავისუფლებისკენ, მეტი პერსონალური თავისუფლებისკენ, თავისუფალ სამყაროში ინტეგრირებისკენ, მცირე ზომის ხელისუფლებისკენ.

მე მესმის, რომ სხვადასხვა ძალას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, ისინი უკმაყოფილო იყვნენ ევროპული საქართველოს და თავსუფალი დემოკრატების პოზიციით რაიმე საკითხზე, ან უფრო მკვეთრ პოზიციას ელოდნენ, მაგრამ ცხოვრება ხომ კონკრეტული არჩევანებისგან შედგება. ყველა უნდა დაფიქრდეს, რომელ არჩევანს რა მოაქვს: რას მოიტანს შალვა შავგულიძისნაირი ადამიანის არჩევა და რას სთავაზობს მათ ბიძინა ივანიშვილი - სიცრუეს, ძალადობას, სიძულვილსა და არაანგარიშვალდებულებას, შეურაცხმყოფელ მიდგომას ამომრჩევლის მიმართ, რომ მას ნებისმიერ წამს შეუძლია უზრუნველყოს მხარდაჭერა იმისდა მიუხედავად, როგორ გააწბილებს მათ მოლოდინს.

გირჩმა და გრიგოლ გეგელიამ უარი თქვეს თქვენი კანდიდატის მხარდაჭერაზე, ამაზე რას ფიქრობთ?

მე მოვისმინე ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგების რამდენიმე სამწუხარო გამოხმაურება. ჯერ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ყველა პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობისთვის ვართ ღია და აქ არსებითი არ არის არც პერსონალური წყენები და არც ის, ვინ როდის როგორ გააკრიტიკა. არსებითია შედეგი. მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები ქართული ოცნების გზავნილს იმეორებენ, რომ „ნაცი-ქოცის“ არჩევანი დადგა. ხომ გვესმის, ეს რისთვისაც კეთდება და ძალიან უსამართლოა სერიოზული ბრალდებები ბატონი შალვას მიმართ, რომ ის აქ მარიონეტია. ეს უბრალოდ ძალიან არაკორექტული, მტკნარი სიცრუეა. ყველამ, ვინც იცნობს ამ ადამიანს, იცის, რომ ის მარიონეტის გარდა ყველაფერია და ყოველთვის, ყველა ვითარებაში საკუთარ პრინციპულ პოზიციას იცავს, ვერავინ დაძრავს ადგილიდან, თუ სჯერა, რომ რაღაც არასწორია.

ეს ძალიან უსამართლო ბრალდებაა ისევე, როგორც ის ბრალდებები, რომლებიც მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავის დროზე იმავე პოლიტიკურ ძალაში იყო, სადაც მე ვიყავი. ახლა ამ ძალების მიმართ ტალახი ისროლა და ესეც ძალიან არაკორექტული და სამწუხარო ტონალობაა. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. არ ვიცი, სოციალურ ქსელებში რა მოსაზრებები გაისმის, მაგრამ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები თავს არავის დასხმია, არავის დაუყენებია საკითხი, რომ თუ შალვას მხარს არ დაუჭერთ, თქვენ ცუდები ხართ და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ტონი. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლური ძალის ამომრჩეველს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ მათი პარტიის წარმომადგენლები მეორე ტურში აღარ არიან, ჩათვალონ, რომ მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის წარმატება მათ პერსონალურ სამოქალაქო ინტერესში შედის.

ერთხელაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ ის საკითხი არ წყდება, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ვისაც სჯერა, რომ უნდა იყოს მცირე ზომის ხელისუფლება, დაბალი გადასახადები, პერსონალური თავისუფლება, უნდა იყვნენ ნაფიცმსაჯულები სასამართლოში, უნდა გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რომლების წინა ხელისუფლებამ დაუშვა და შემოვატრიალოთ დისკურსი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, ყველა ასეთი ადამიანისთვის შალვა შავგულიძის გამარჯვება პრინციპული საკითხია.

ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრმა, ლევან იოსელიანმა, თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს. მასთან თუ გაქვთ კომუნიკაცია? ელისაშვილმა ისიც თქვა, რომ მას კანდიდატობას სთავაზობდით - მართლა ასე იყო?

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებთან და ვიმეორებ, ყველასთან თანამშრომლობისთვის ღია ვართ. უსამართლო და არაკორექტული ბრალდებები მოვისმინეთ შალვა შავგულიძისა და ზოგადად ჩვენ მიმართ.

ელისაშვილისგან უცნაური განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს ევროპული საქართველო ეხვეწებოდა, დამდგარიყო კანდიდატად. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, რომელიც მისი ინიციატივით შედგა, მე ამით მოხარული ვიყავი. ჩვენ იქ ვიხილავდით არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთმოსაზრებებს. არანაირი თხოვნა არ ყოფილა. მისი მხრიდან იყო თხოვნა, ხომ არ დავუთმობდით ამ ოლქში მის კანდიდატს ადგილს და არ გავუწევდით კონკურენციას. ცოტა უცნაური და არაკორექტულია: თუ ასეთი რამის თხოვნა გინდა, შემდეგ კი საჯაროდ იძახი, რომ ეს სიბინძურეა და "ნაცს" უწოდებ შალვა შავგულიძეს და ემთხვევი შენს გზავნილში ქართულ ოცნებას, ეს არ არის პატიოსანი პოზიცია. თუ თანამშრომლობისთვის მზად ხარ და შეხვედრაზე მოდიხარ, ოღონდ შემდეგ საჯაროდ თავდემებს ესხმი თავს, რატომ გაეკარნენ ამ ძალიან ცუდ ხალხსო, ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის პატიოსანი პოზიცია - თავისუფალი დემოკრატები პატიოსნად, ღიად თანამშრომლობენ ჩვენთან და საჯაროდ სხვა პოზიცია არ უკავიათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს დიალოგი. მოვუწოდებ ყველა მათ მომხრეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - მათი და, ჩემი აზრით, მთელი ქვეყნის ინტერესებშია ეს. რა პერსონალური წყენებიც არ უნდა იყოს, არავის ვესხმით თავს იმის გამო, რომ რაღაც პოზიციები არ დაიკავა. ბუნებრივია, ვპასუხობთ არასწორ ინფორმაციას და ეს, რაც ბატონმა ელისაშვილმა გაავრცელა, არ არის სიმართლე. რადგან მან გამოიტანა ეს შეხვედრა სააშკარაოზე, დავამატებდი, რომ ჩვენ გვქონდა კორექტული, ცივილიზებული შეთანხმება - მეორე ტურში ვინც არ უნდა გასულიყო, ჩვენ დავუჭერდით მხარს.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მის პარტიასთან არ გილაპარაკიათ და თუ მისი მხარდაჭერა გინდათ, ჯერ უნდა აუხსნათ მის მხარდამჭერებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი - რატომ არ ელაპარაკეთ აქამდე ან აპირებთ თუ არა?

მე ამასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. ყველა ამომრჩეველს უნდა ავუხსნათ, იქნება, ეს გირჩის თუ სხვა ამომრჩეველი. მე ყველასთან საუბრის მომხრე ვარ. არ ვიცი, საიდან მოიტანა ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ვინმე ჩვენგან დაესხა თავს - არჩევნების მეორე დღესვე თავს მისი პარტიის ერთერთი ლიდერი დაგვესხა და დააფიქსირა პოზიცია, თქვა, რომ ეს "ნაც-ქოცური" დილემაა. გვითხრას, ვინ დაესხა თავს. თუ მე ან ბატონ შალვას არ გვქონდა დრო რომელიმე გადაცემაში მისასვლელად, ეს რატომ არის აგრესიის საფუძველი, ვერ ვხვდები, სიმართლე გითხრათ.

ყველასთან თანამშრომლობის მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ვწუხვარ, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ გამოსვლაში ძალიან ბევრი ტალახი ისროლა, ასევე მის ყოფილ თანაგუნდელებს ესროლა ტალახი, ვისთან ერთადაც მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო. ისეთი ბრალდებებიც გაისმა, თითქოს კამპანიას კორუფციით ნაშოვნი ფულით ვმართავთ, ეს მაშინ, როცა კარიერის დასაწყისში, ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისას მსგავსი ბრალდებები არ ჰქონია. ძალიან მძიმე ბრალდებები იყო და ძალიან ცუდი განწყობები აქვს ამ ადამიანს, რაც ცუდია, ერთ დროს ერთად ვიყავით და მაშინ ამას იტანდა.

ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ არასწორი ტონია საკითხის ასე დაყენება. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამომრჩევლები ავტომატურად მისცემენ ხმას და ჩვენ ამ პერიოდს მეორე ტურამდე ამასაც მოვახმართ და აქამდეც ვცდილობდით ყველა ტიპის ამომრჩეველთან ურთიერთობას. ოღონდ, ვიმეორებ, რომ ეს ტონი იყო ძალიან არაკორექტული და ძალიან ბევრი სიცრუე და ტალახის სროლა იყო ამაში. რაც შეეხება ღირებულებებს და შეხედულებებს, აქაც გავიგე რაღაც ნაწილი კრიტიკის, მაგრამ რა ვიცი, სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს შორის, თუკი ვინმესთან ასოცირდება მცირე ზომის ხელისუფლების იდეის და პერსონალური თავისუფლების თანმიმდევრული დაცვა, ეს არის ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.

კომენტარები