შუალედური არჩევნები

შავგულიძე: მეორე ტურში საჭიროა მეტი აქტივობა და ოპოზიციური ხმების კონსოლიდირება

ტაბულა

შუალედურ არჩევნებში მეორე ტურში გადასულმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ დღეს არჩევნების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. შავგულიძემ თქვა, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის გამრჯვებისათვის საჭიროა ამომრჩევლის მეტი აქტივობა და ოპოზიციური ხმების კონსოლიდაცია. 

"როგორც ერთერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მივიღე ხმების არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ხმების დაახლოებით 37%, დაახლოებით 4%-ით ნაკლები ხელისუფლების კანდიდატზე, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გაცილებით მეტი რაოდენობის ხმები, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ესე იგი, მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა ხელისუფლებისას, ვინაიდან ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსის და ბერკეტის გამოყენებით უკვე მოახდინა მობილიზება თავისი ამომრჩევლის, არ დაკარგა ხმა და ვინც ეიმედებოდა ის მოიყვანა არჩევნებზე და მიიღო 41% მოსული ამომრჩევლისგან. აქედან გამომდინარე ოპოზიციური კანდიდატის მეორე ტურში გამარჯვებისათვის საჭიროა ცოტა მეტი აქტივობა მთაწმინდელი ამომრჩევლის, ვინაიდან, 36% ეს არ არის მაღალი აქტივობა, და ეს აქტივობა განაპირობებს ოპოზიციური ხმების მატებას, ვინაიდან ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი მხარდამჭერების მოყვანისა და მეორე, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია კონსოლიდირება ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების, ერთი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე ძალიან რეალურია შესაძლებლობა, რომ მთაწმინდის მოსახლეობა გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი, რომელიც უარს ეტყვის ქართული ოცნების ხელისუფლებას, გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქი, რომელსაც წააგებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი და მთაწმინდიდან დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება. მე ვფიქრობ რომ მთაწმინდის ამომრჩეველი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს," - ამბობს შავგულიძე. 

შავგულიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ყველა ბერკეტი და გაუმართლებელი მეთოდი გამოიყენა არჩევნების მოსაგებად და ხმების შესაგროვებლად. 

"გუშინ მთაწმინდაზე რეგისტრირებული მოსახლეობის დაახლოებით 36 პროცენტი მოვიდა არჩევნებზე ამ 36 პროცენტის ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა ხელისუფლების კანდიდატს. ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 41%. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ თაკილობდა გამოეყენებინა ყველა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდი არჩევნებში წარმატების მისაღწევად. ეს იყო ცილისმწამებლური უღირსი შავი პიარ კამპანია, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს იყო ანგარებით დაპირებების გაცემა ამომრჩეველზე და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს დასაყრდენი ქართულ საზოგადოებაში, და საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს," - ამბობს შავგულიძე. 

გუშინ საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა, მათ შორის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

კომენტარები