შუალედური არჩევნები

იოსელიანი: 7% ნიშნავს რომ ხალხს მობეზრდა პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობიდან, ლევან იოსელიანმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და შედეგი, რომელიც მთაწმინდის რაიონში დაიდო, გამარჯვებად შეაფასა. იოსელიანის თქმით, მისმა შედეგმა ცხადყო, რომ ხალხს უნდა ახალი სახეები პოლიტიკაში, ცვლილებები და რეალური გეგმა.

“მინდა უპირველეს ყოვლისა უდიდესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებზე მოვიდა და ჩვენ მხარი დაგვიჭირა.ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მათი პრობლემების დავიწყებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში არ ვარ. მე მთაწმინდის მოსახლეობის ნდობის გასამართლებლად გაშვიდმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და გაშვიდმაგებული ენთუზიაზმით დავეხმარები მათ, შვილების მომავლის გაუმჯობესებაში. ამომრჩეველთა ხმების 7% ნიშნავს - რომ ხალხს უნდა ახალი სახეები. მათ მობეზრდათ ერთიდაიგივე პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში პორტირების ყურება. ეს 7% ნიშნავს რომ ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის და ამას ვეღარაფერი დაუდგება წინ. ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება და ეს ბრძოლა არის რეალური ცვლილებები ხალხის საკეთილდღეოდ," - თქვა იოსელიანმა. 

გუშინ საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა. ალეკო ელისაშვილის სამოქალქო მოძრაობის  მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდაზე ლევან იოსელიანმა ხმების 6.55% აიღო. მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

კომენტარები