არჩევნები 2019

ზურა მელიქიშვილი: ხელისუფლებამ მარნეულში უპრეცედენტო გაყალბების გზა აირჩია

ზურა მელიქიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურა მელიქიშვილმა მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დაფიქსირდა დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაგდების, საარჩევნო უბნებზე დენის გათიშვის და ე.წ კარუსელების ჩატარების ფაქტები.

"ხელისუფლებამ აირჩია უპრეცედენტო გაყალბების გზა, ყველა მეთოდი, რაც კი არსებობს და რაც კი გაგიგონიათ ყველა მეთოდის გამოყენება ხდება მარნეულში, რომ თავისი სასურველი კანდიდატი თავზე დაასვან მარნეულის მოსახლეობას მათი ნების საწინააღმდეგოდ. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს მიუხედავად დიდი ოდენობა დამკვირვებლებისა - ისინი მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორიც არის კამერებისთვის დენის გათიშვა და დავიდნენ უკვე იმ დონეზე, რომ დამაგრძელებლებსაც იპარავენ საარჩევნო უბნებიდან, რომ კამერები იყოს გამორთულ მდგომარეობაში. იქ, სადაც დამკვირვებლები, მათ შორის არასამათავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ახდენენ მითითებას დარღვევებთან დაკავშირებით, მყისიერად ხდება ამ ადამიანების გამოძევება საარჩევნო უბნებიდან და საარჩევნო უბნებები რჩება დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების გარეშე. შემიძლია ფაქტებით გითხრათ, ეს არის პირველი საარჩევნო უბანი, მე-4, 84-ე, 85-ე და ბრალდება არის სრულიად აბსურდული - "გვიშლის ხელს არჩევნების მშვიდად ჩატარებაში". აი, ამ გამყალბებლებს თურმე არასამთავრობო ორგანიზაციები და წარმომადგენლები უშლიან ხელს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაში.

უბნებზე თიშავენ დენს, გამომდინარე იქიდან, რომ ამთხვევენ ე.წ კარუსელებს და მაგ პერიოდში უნდათ, რომ იქ იყოს გარკვეული ქაოსი და არ მუშაობდეს კამერები, რომლებიც ადგილზე არის დამონტაჟებული. ესეთი შემთხვევები იყო 30-ე უბანში, 32-ე უბანში, 65-ე უბანში, 70-ე უბანში. ის, რომ უბნის შიგნით აგიტაცია, უბნის გარეთ აგიტაცია, ამასთან დაკავშირებით უამრავი ვიდეო მასალა უკვე ხელთ გვაქვს და ამას საზოგადოებას გავაცნობთ, ის რომ უშუალოდ ჩინოვნიკები, გუბერნიის წარმომადგენლები, სხვადასხვა რაიონის საკრებულოები, თბილისის ზედამხედველობაც კი ჩართული ყავთ ასე ვთქვათ ამ საქმიანობაში, უკვე ესეთი კუთხით მუშაობენ და ახორციელებენ არნახულ ზეწოლას თვითონ მოსახლეობაზე", - თქვა ზურა მელიქიშვილმა. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

არჩევნები მარნეულსა და ზუგდიდში ხმაურის და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები