არჩევნები 2019

კალაძე კოორდინატორებს: ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება

კახა კალაძე
ტაბულა

ქართული ოცნების გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ვინაიდან მათ ამის უფლება აქვთ. 

"მინდა მივმართო კოორდინატორებს სიებით ხელში, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, ნუ შეუშინდებით, მეგობრებო, კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ საქმიანობა. თუ ვინმე საქმიანობაში ხელს შეგიშლით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურებს", -თქვა კალაძემ. 

ე.წ კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო სიებით უბნებთან დგანან და არჩევნებზე მოსულ მოქალაქეებს აღრიცხავენ, საარჩევნო კოდექსს არ არღვევენ, თუმცა, ეუთომ თავის ანგარიშში, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, ეს ფაქტები დაშინებად შეაფასა. 

"კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილიამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციური დაშინების გამო", - წერია ეუთოს ანგარიშში. 

ე.წ კოორდინატორები 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზეც მუშაობენ.

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

კომენტარები