2013 წლის 17 მაისი

ფალავანდიშვილი 2013 წლის 17 მაისზე: პირდაპირ პატრიარქის დავალებით მოხდა [VIDEO]

GDS

სიძულვილის ჯგუფების ერთერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისს იმ ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმა, ვინც ჰომოფობიასა და ტრანსფობიას აპროტესტებდნენ, პატრიარქის დავალებით მოხდა. 

ამის შესახებ ფალავანდიშვილმა დღეს ისაუბრა, როდესაც სიძულვილის ჯგუფებმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა "ოჯახის სიწმინდის დასაცავად" ერთობლივი მსვლელობა ჩაატარეს. 

"ის, 2013-ში რომ მოხდა, ის პატრიარქის დავალებით მოხდა, პირდაპირ ყველაფერი. მეუფე იაკობმა დარეკა და ღამე შევიკრიბეთ და პატრიარქის დავალებით მოხდა, რა," - უთხრა ფალავანდიშვილმა მსვლელობის მონაწილეებს. 


ფალავანდიშვილი სხვებთან ერთად დეტალურად გეგმავს, თუ როგორ აპირებს ჰომოფობიური მოტივებით Tbilisi Pride-ის კვირეულის ჩაშლას. 

"თქვენ ახლა თბილისელებმა არ უნდა დაუშვათ არც გამოფენა მაგათი [TBILISI PRIDE-ის], არც ლექცია, არც არაფერი... კვირეულია, რა. ახლა ეს რატომ არის უმნიშვნელოვანესი მათთვის. აი, როგორც კაცი რომ გააუპატიურო, აი, ეგეთი ვარიანტია, რომ უნდათ, რომ ქალაქში რომ გაიარონ, ესაა, რომ ნამუსი აგხადეს, რა. შენ თუკი ნამუსახდილი ხარ, უკვე დაჩოქილი ხარ. ამიტომ არის, რომ ჩვენ არ უნდა გავატაროთ. თუ ჩაატარეს, ჩათვალე, რომ მერე წავა უკვე გეი ქორწინება, ბავშვის აყვანა, ყველაფერი... ამიტომ, მათთვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკურად გავლა, შენ თუ ეგუები, რომ "პიდარასტები" რუსთაველზე მიდიან და შენ სახლში ზიხარ, უკვე "პიდარასტი" ხარ, რა. ეგ ვარიანტია,"- ეუბნება ფალავანდიშვილი აქციის მონაწილეებს. 

მისივე თქმით, მათ ერთი დღით ადრე, 16 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ კარავი არ გაშალოთო. ამასთან, Tbilisi Pride-ის ჩასაშლელად აქტიურად გეგმავს მღვდლების გამოყენებას. ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მღვდლები აუცილებლად მათ გვერდით დადგებიან. 

"პროსტაო", ერთიო, კარავი არ გაშალოთო, გვთხოვეს. მღვდელს ვერ შეეხებიან. თუ მღვდელს დაარტყეს ხელი, მაშინ მანდ მთელი საქართველო ადგება, რა. ამიტომ, მღვდლების იმედი გვაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, საპატრიარქოში ზოგი უკან დაიხევს, არ დაიხევს. მღვდლები უკან არ დაიხევენ, იგივე ვინც აქ დგას და კიდევ სხვებიც, ვინც ბოლომდე მივლენ, რა, ყველა ვარიანტში, იმიტომ, რომ ღმერთის კანონია. ეკლესიამ შეიძლება, ვერ გითხრას, მაგრამ გაუხარდება. შეიძლება, ვერ მოგიწოდოს, მაგრამ იმას გაუხარდება ეს. ის, 2013-ში რომ მოხდა, ის პატრიარქის დავალებით მოხდა, პირდაპირ ყველაფერი. მეუფე იაკობმა დარეკა და ღამე შევიკრიბეთ და პატრიარქის დავალებით მოხდა, რა,"- ამბობს ფალავანდიშვილი. 

ფალავანდიშვილი აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ლგბტ+ ადამიანებისთვის სილის გარტყმაც "მოსულა" და პლაკატების ჩამორთმევა/ჩამოხევაც. 

"ჩვენ გვინდა, რა, ხო? ამათ ხომ ასე არ დავსდევთ სახლში. ქუჩაში ნუ გამოდიან პლაკატებით. ჩვენ თუ მივალთ იქამდე, პლაკატებს წავართმევთ და გავყრით. პოლიცია რომ არ იყოს, ეგენი ვერ გაბედავენ გამოსვლას. რამდენი უნდა იყვნენ ახლა? ვერავინ ვერ გაბედავს. პოლიციის გულზე მოდიან, რა. და ჩვენი მიზანი რა არის? იქიდან "პროსტა" გავყაროთ და არა - ჩავქოლოთ. შეიძლება, ვიღაცამ თავი ვერ შეიკავოს, მაგრამ მაგის გამო ახლა ჩვენ ვერ გავჩერდებით. იმ გიჟს, ჩვენ თვითონ გავაჩერებთ, თუ კლავს ახლა და თუ რაღაც დონეზე სილას არ ტყამს, ეს მოსულა. სილის გარტყმაც მოსულა და პლაკატის ჩამოხევაც მოსულა,"- არიგებს ფალავანდიშვილი აქციის მონაწილეებს. 

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია ათობით ათასმა ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს.

სახელმწიფოს იმ დღეს ჩადენილი დანაშაულისთვის დღემდე არცერთი პირი არ დაუსჯია. 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.

ლგბტქ​ აქტივისტებმა 2019 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საჯარო აქტივობები არ ჩაატარეს, რადგან, როგორც ამბობენ, მათთვის ქუჩაში გასვლა საშიში გახდა, ეს დღე კი ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს.

ლგბტქ აქტივობები ივნისის თვეში დაიგეგმა. 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ სიამაყის კვირეული გაიამრთება, რომლის ფარგლებშიც მრავალი აქტივობა ჩატარდება, მათ შორის მსვლელობა.

კომენტარები