რატიანი: "ოცნება" წინასაარჩევნოდ, კახაძის სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები

საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს მთაწმინდის ოლქზე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგო რატიანმა, და თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ, 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

კერძოდ, სერგო რატიანი ამბობს, რომ 15 მაისს ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. 

რატიანის თქმით, შეხვედრა ძველი თბილისის რესურსცენტრის ხელმძღვანელისა და სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის ორგანიზებით გაიმართა, რაც წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნიშნავს. 

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის უფროსის მიერ განხორციელდა შეტყობინებები პედაგოგების დასწრებასთან დაკავშირებით - პედაგოგების ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია შეხვედრის დეტალების შესახებ. მეტიც, ისინი რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე გაუშვეს სკოლის დირექტორებმა, თუმცა პედაგოგებმა ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მაჟორიტარ დეპუტატთან შესახვედრად მიიწვია სამინისტრომ,"- ამბობს სერგო რატიანი. 

რატიანის თქმით, მათთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში სკოლების გარკვეულ ნაწილთან შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქოჩიშვილს, დამატებითი კომუნიკაცია ჰქონდა. 

"ფაქტია, ხელისუფლება არ თმობს წინასაარჩევნო სტილს, რომელიც მთელი საქართველოსთვის "კერზაიას საქმით" არის ცნობილი და გასაგებია, რატომაა იგნორირებული, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მათ შორის, ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების დროს დაშვებული გადაცდომებისთვის, აუდიტის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. არაერთგზის დადასტურებული ფაქტების მიხედვით, ეჭვგარეშეა, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსისი, გიორგი ქოჩიშვილის, როგორც საარჩევნო მანიპულაციებში კარგად დახელოვნებულისა და საიმედო კადრის, საარჩევნო ფუნქცია განათლების სამინისტროში,"- თქვა რატიანმა. 

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა 16 მაისს გაიმართა ქალაქ ზესტაფონშიც, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ. 

"ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მიღებული ტრაგიკული გამოცდილება არ აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის საკმარისი, დაესრულებინა სასკოლო საზოგადოების იძულებით გამოყენება წინასაარჩევნო მანიპულაციებში. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შესაძლებლობა - ამ კულტურის დამკვიდრება შემდეგი - ახალი ხელისუფლებისთვის უპირველეს ვალდებულებად იქცეს,"- თქვა სერგო რატიანმა.

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მთაწმინდის ოლქში 19 მაისს გაიმართება. მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძეა, ხოლო საარჩევნო ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კი - შალვა შავგულიძე.  

კომენტარები