რუსეთი

რუსი დეპუტატის ინიციატივით, საერთაშორისო სანქციებზე სიახლის გავრცელება შესაძლოა დასჯადი გახდეს

The Washington Post

რუსმა კანონმდებლებმა რუსეთის ან მისი მოქალაქის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე ახალი ამბის გავრცელება, შესაძლოა, დასჯადი გახადონ.

დეპუტატ მიხაილ ემელიანოვის ინიციატივით, კანონმდებლობით მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლიანი პატიმრობითა და 5 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმის დაწესებით უნდა განისაზღვროს.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ზომები შეცვლის ინფორმაციის მიმოცვლის პარადიგმას: უცხოელი კონტრაგენტებისთვის ინფორმაციის უკონტროლო გადაცემა ჩანაცვლდება რეჟიმით, რაც მხოლოდ საჭირო და უვნებელი ინფორმაციის დოზებს გასცემს," - აღნიშნა ემელიანოვმა.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს".

კანონის მიხედვით, შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

კომენტარები