აშშ

დონალდ ტრამპმა კიბერ საფრთხის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს.

ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება.

Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე.

აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. ისინი მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოკავშირე ქვეყნებსაც.

ამ ნაბიჯს Huawei-ში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩინეთის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და აშშ-ში მათი აკრძალვა ქვეყნას საფრთხისაგან არ დაიცავს და მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას შეუწყობს ხელს. კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ მზად არის ქვეყნებთან შეთანხმებებს მოაწეროს ხელი იმის თაობაზე, რომ კომპანია უკანონო თვალთვალს არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

კომენტარები