მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი გოგაშვილს: მომიწევს შენი დაცვა, ვინმემ შუბლში ტყვია რომ არ დაგაჭედოს

kvirispalitra.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მისი და მაჩალიკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მაჩალიკაშვილმა გოგაშვილის შესაბამისი განცხადება Facebook-ზე გააზიარა და მას იქვე უპასუხა:

"მე მომიწევს ახლა შენი დაცვა, ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენი ცოდო შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები, რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს და ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო - მე ისედაც მკვდარი ვარ".

სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებულ იმ სპეცოპერაციაზე ისაუბრა, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, სიცოცხლე შეეწირა. გოგაშვილმა თქვა, რომ მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

"რისკის ქვეშ არის ხომ, ჩემი და ვახას სიცოცხლე. მე შურისმაძიებელი არა ვარ არანაირად და არც ვაპირებ, რომ კანონს მიღმა გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში ვინ იქნება დამნაშავე, გოგაშვილი და სახელმწიფო, ხო? ან პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ის იქნება მაინც ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას საქართველოში და დაძაბულობას. ამიტომ მოვუწოდებ მე ძალოვანებს, რომ ამას მიაქციონ ყურადღება და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ,"- ამბობს გოგაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები