მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე: ბრალს წარვუდგენთ, როცა პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ

რუსთავი 2

სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ბრალს მაშინ წარუდგენენ, როცა ამას პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ. 

რუსთავი 2-ს გომელაურმა უთხრა: 

„ვმუშაობთ, როცა ჩათვლის საჭიროდ პროკურატურა, ზედამხედველი, წარვუდგენთ. 

გამოძიება მიდის და ახალი თუ იქნება რამე, აუცილებლად გაცნობებთ. მტკიცებულებებზე გამოძიება მუშაობს, როგორც კი ახალი იქნება რამე, აუცილებლად გაცნობებთ იმას, რაც ღია იქნება საზოგადოებისთვის". 

სუს-ის უფროსმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს იმის შესახებ, აქვს თუ არა გამოძიებას შეგროვებული მტკიცებულებები მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, ასევე, რატომ არ არის ის დაკავებული, თუ დამნაშავეა. ასევე, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ამოღებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი. 

თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეები

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარავში უწყვეტ აქციებს მართავდა მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს.

კომენტარები