იუსტიციის უმაღლესი საბჭო

NGO-ები: იუსტიციის საბჭოს წევრი კანონის დარღვევით აირჩიეს, ვითხოვთ უფლებამოსილების შეწყვეტას

2020NEWS.GE

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

NGO-ები ამბობენ, რომ ზაზა ხარებავას არჩევის დროს დაირღვა კანონი, რაც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ საკითხით "სტუდია მონიტორის" სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდნენ.

განცხადების ავტორების განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, რაც სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევას გულისხმობს.

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ამბობს, რომ ხარებავა კანდიდატად საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" წარადგინა, რომელიც სასამართლოში დავის მხარეს წარმოადგენს და არა სხვა პირებს.

"ორგანიზაციამ იმის დასადასტურებლად, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 წლის მანძილზე, მისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა, გარკვეული დოკუმენტაცია წარადგინა. ყველა წარდგენილ დოკუმენტში, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”, დავის მხარეს თავად წარმოადგენს და ორგანიზაცია არცერთ მითითებულ საქმეში სხვა პირის ინტერესებს არ იცავს. დოკუმენტების წარდგენის მომენტში, ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, კერძოდ კი არ დასტურდებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია არ იყო უფლებამოსილი წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატი, ხოლო პარლამენტის მიერ არაუფლებამოსილი ორგანიზაციის წარდგენილი კანდიდატის საბჭოს წევრად არჩევა, პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცალსახა დარღვევაა", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში.

მათივე განმარტებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, "წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით" საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

"გამომდინარე იქედან, რომ ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე პარლამენტის რეგლამენტის (ზაზა ხარებავას წარდგენის მომენტისთვის მოქმედი რედაქციის) 219-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოგმართავთ განცხადებით, იმსჯელოთ და რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტოთ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ზაზა ხარებავას", - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრად 2017 წლის 21 ივნისს აირჩია. 

კომენტარები