მარველის "შურისმაძიებლები: დასასრული"-ის რუსულ ვერსიაში ერთ-ერთი დიალოგი მცირედით შეცვლილია, რაც, დიდი ალბათობით, რუსეთში "გეი პროპაგანდის" აკრძალვასთან დაკავშირებულ ცენზურას უკავშირდება.
ფილმის ერთ-ერთ სცენაში ჯო რუსო (ფილმის რეჟისორი, ანტონი რუსოსთან ერთად) გეი პერსონაჟს თამაშობს, რომელიც ჯგუფურ შეხვედრას ესწრება. სცენა საკმაოდ მოკლეა, თუმცა ეს მარველის ფილმებში გეი პერსონაჟის ცხადად გამოჩენის პირველი შემთხვევაა.
"იმ დღეს პაემანზე ვიყავი. პირველად 5 წლის განმავლობაში. მან (მამრობითი სქესის ნაცვალსახელი) იტირა, როცა სალათი მოჰქონდათ... თუმცა ხვალ კიდევ უნდა შევხვდე მას (მამრობითი სქესის ნაცვალსახელი)" - ამბობს პერსონაჟი.
მედია საიტის TJournal-ის მიხედვით, "დასასრული"-ს რუსულად გახმოვანებულ ვერსიაში დიალოგი მცირედითაა შეცვლილი, რომანტიკული ტონის შესამცირებლად. რუსულ ვერსიაში ჯო რუსოს პერსონაჟი ამბობს: "ცოტა ხნის წინ ვახშამზე ვიყავი. პირველად 5 წლის განმავლობაში. მან (მამრობითი სქესის ნაცვალსახელი) იტირა, როცა სალათი მოჰქონდათ... თუმცა ხვალ კიდევ უნდა შევხვდე მას (მამრობითი სქესის ნაცვალსახელი)".
პრემიერამდე ორი კვირით ადრე Disney-მ განაცხადა, რომ "შურისმაძიებლები: დასასრული" რუსეთში ინგლისურად სუბტიტრებით არ გაეშვებოდა. ვებსაიტ Kinoafisha-ს მთავარი რედაქტორი ტატიანა შოროხოვა ფიქრობს, რომ Disney-ს ეს გადაწყვეტილება, სწორედ ჯო რუსოს პერსონაჟს უკავშირდება, რომელიც ფილმში კაცთან პაემანზე საუბრობს.
2017 წელს რუსეთში Disney-ს ფილმში "მზეთუნახავი და ურჩხული" გეი სცენის გამო პარლამენტის წევრებმა კულტურის სამინიტროს ფილმის აკრძალვა მოსთხოვეს, რუსეთის კულტურის სამინისტრომ ფილმი არ აკრძალა, თუმცა +16 ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესა.
ფილმში სიტყვების შეცვლა, სავარაუდოდ, მთავრობასთან ახალი კონფლიქტის არიდებას უკავშირდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კინო სტუდია ფილმში სიტყვებს რუსეთის პოლიტიკური კლიმატის შესაბამისად ცვლის. წელს ფილმ "ჰელბოი"-ს რუსულ სუბტიტრებში იოსებ სტალინის სახელი ადოლფ ჰიტლერით ჩაანაცვლეს. 2018 წელს "დედპულ 2"-ის რუსულად დუბლირებულ ვერსიაში ფილმში ნახსენები LinkedIn ( რომელიც რუსეთში აკრძალული და არაპოპულარულია) Telegram-ით შეცვალეს, რომელიც რუსეთში ტექნიკურად აკრძალული, თუმცა პოპულარულია.





