ანტი–გეი კანონი რუსეთში

ამერიკელმა ჟურნალისტმა Russia Today-ს ეთერი ანტი-გეი კანონის გამო ჩაშალა

ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეიმს კერჩიკმა, რომელიც Russia Today-ს ეთერში რიგითი ბრედლი მენინგისთვის მისჯილი 35 წლიანი პატიმრობის განსახილველად იყო მიწვეული, ეთერი ჩაშალა. კერჩიკმა ასე გააპროტესტა რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული კანონი „გეი პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ. 

„რადგან მე კრემლის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში ვიმყოფები, გავიკეთებ ჩემს „გეი-სიამაყის“ წვივსაკრავებს და დავგმობ საშინელ, ჰომოფობიურ კანონს, რომელსაც ხელი მოაწერა ვლადიმერ პუტინმა და მიიღო რუსეთის დუმამ.“ - განაცხადა კერჩიკმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე დაბრუნებოდა თემას, რომელზე სასაუბროდაც ის ეთერში მიიწვიეს, კერჩიკმა გადაცემის წამყვანს უპასუხა:

„მე არ მაინტერესებს ბრედლი მენინგზე საუბარი. მე მაინტერესებს იმ საშინლად ჰომოფობიურ ატმოსფეროზე საუბარი, რომელიც ამ დღეებში რუსეთში იქმნება, იმისთვის, რომ რუსმა გეებმა და ლესბოსელებმა იცოდნენ: მათ ყავთ მეგობრები, მოკავშირეები, ხალხი, რომელიც მათ მხარს უჭერს მთელს მსოფლიოში. და ჩვენ არ ვაპირებთ დავდუმდეთ ამ საშინელი რეპრესიების წინაშე, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის ნებით ხდება“. - განაცხადა ჟურნალისტმა.

კერჩიკმა გადაცემის წამყვანს კითხა, როგორ სძინავს მას, როგორც Russia today-ს ჟურნალისტს, იმ ფონზე რაც რუსეთში ხდება. „თქვენ 24 საათიანი მაუწყებლობა გაქვთ და მთელი ამ დროის მანძილზე ცრუობთ აშშ-ს შესახებ და იგნორირებას უკეთებთ რუსეთში მომხდარ მოვლენებს. მაგრამ მე გამოვიყენებ ჩემთვის განკუთვნილ ორ წუთს, რომ მოვუყვე ხალხს სიმართლე. Russia Today საუბრობს მენინგზე 24 საათი კვირაში, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს თქვენს არხზე საუბარი რუსეთში მიღებულ ჰომოფობიურ კანონზე, ძალადობასა და მტრობაზე. სად არის ეს ყველაფერი?“ - თქვა კერჩიკმა.

ჯეიმს კერჩიკი 30 წლის ამერიკელი გეი ჟურნალისტია, რომელიც რესპექტაბელური ამერიკული გამოცემებისთვის საერთაშორისო მიმართულების კონტრიბუტორად მუშაობს.

კომენტარები