მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუს-ში გამოკითხვაზე არ მივა - ამის შესახებ ტაბულას მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა უთხრა.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე ზეგ, 10 მაისს მივა.
"ადვოკატებმა დრო ვერ დავამთხვიეთ" - ასე უპასუხა ტაბულას მარიამ კუბლაშვილმა კითხვაზე რატომ არ მიდის მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ სუს-ში გამოკითხვაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
კერძოდ, უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.
სუს-ის ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.