მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: მაჩალიკაშვილი 100%-ით პოტენციური ტერორისტია

სოსო გოგაშვილი
სუს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის აზრით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტია, თუმცა, ვინაიდან ჯერ მხოლოდ საქმის მასალების ნაწილს იცნობს, ახლა ამბობს, რომ "ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია". 

ეს მან ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თქვა. 

"რა თქმა უნდა! მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია.

ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალება მისცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

ძალიან რთული იყო ზოგადად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიმართ ცილისწამების მოსმენა. ძალიან მძიმეა, როცა გაბრალებენ იმას, რაც არ გაგიკეთებია. რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებასთან არანაირი შეხება მქონია, რასაც მაბრალებენ და ამბობენ, რომ მკვლელი ვარ. ეს იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან. გამომძიებლები მიდიან, უზრუნველყოფას სპეცდანიშნულების რაზმი უკეთებს, რადგან მძიმე მუხლია. ახმედ ჩატაევი, ცნობილ ხუთეულში შემავალი ტერორისტული დაჯგუფების ხელშემწყობები იყვნენ. პანკისში მე არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი იქ ჩასვლის აუცილებლობა არ იყო, არც ცენტრის დირექტორი არ ყოფილა. ახლა სიბინძურეებს ავრცელებენ, თანამშრომლის გვარს ასახელებენ, რომ ის ყოფილა. ვადასტურებ, რომ ის ადამიანი, ვისზეც ახლა საუბრობენ, იმ ღონისძიების ხელმძღვანელი არ ყოფილა. იქ გამომძიებლები ჩავიდნენ, ბრალი უნდა წარედგინათ სასამართლო განჩინების საფუძველზე. პანკისში რომ ვყოფილიყავი, ამას არ დავმალავდი", - თქვა გოგაშვილმა IPN-სთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

უწყებამ 7 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მაჩალიკაშვილი 9 მაისს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. . 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

მას შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს მართავს, თავისი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. 

კომენტარები