მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო

სუს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში იმ ვერსიებზე საუბრობს, რის გამოც შეიძლება მალხაზ მაჩალიკაშვილს ის საფლავზე აეფეთქებინა და არა სადმე სხვაგან. 

"სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და ალბათ, ჩათვალა, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ, რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და სამსახურის შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა - სასაფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო.

დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ", - ამბობს გოგაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

უწყებამ 7 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მაჩალიკაშვილი 9 მაისს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

მას შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს მართავს, თავისი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს და საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. 

კომენტარები