მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: არ გამოვრიცხავ, მათ, ვინც მაჩალიკაშვილს პოლიტიკურად იყენებს, მას რამე დამართონ

იოსებ გოგაშვილი
შსს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები მისკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ". 

გოგაშვილმა ინტერპრესნიუსს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მიმდინარე საკითხებზე სწორედ აქ ისაუბრა. 

"მე, რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ. ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს.

ეს ადამიანი {მალხაზ მაჩალიკაშვილი}, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, ეს დანაშაული ჩაედინა. უცხო არ არის მისთვის ამგვარი ქმედებები და აქამდეც კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფებაა", - თქვა გოგაშვილმა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

უწყებამ 7 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მაჩალიკაშვილი 9 მაისს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. . 

კომენტარები