ინციდენტი ხულოში

ენმ-ის აქტივისტი: დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ თავისი სასტუმროდან ჩემი გაძევება სცადა

პარლამენტში ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ხათუნა ბერიძის გაძევებას ცდილობდა.

7 მაისის ღამით ხულოში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ფეისბუქზე თავად ბერიძემ გაავრცელა. 

ვიდეოში ისმის, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს: "თავისუფალი ბრძანდებით. ეს ჩემი საკუთრებაა და გახვალთ აქედან. წადით, მედავეთ". 

ხათუნა ბერიძეს სასტუმროს ნომრის დატოვება არ სურდა და ამბობდა, რომ ნომერი 2 დღით ჰქონდა ნაქირავები, მას შესაბამისი დოკუმენტებიც ჰქონდა. სასტუმროს თანამშრომლები ხათუნა ბერიძეს ასევე ეუბნებოდნენ, რომ უხერხული იყო, რომ მას კამერა ჰქონდა ჩართული და მომხდარს იღებდა. 

„უკანონოდ იქცევით. მე ეს ნომერი ვიქირავე, მაქვს ინვოისი, მაქვს გადახდილი თანხა. რა უფლებით მაძევებთ აქედან? მე, როგორც კლიენტს, ხელი არ შემიშლია თქვენთვის“, – ამბობს ბერიძე.

დეპუტატის თანხმლები პირები მას ასევე ეუბნებოდნენ, რომ სასტუმრო შექმნილი უხერხულობის გამო უნდა დაეტოვებინა, მისივე უსაფრთხოებისთვის. სთავაზობდნენ თანხის უკან დაბრუნებას და ამბობდნენ, რომ თვითონვე უზრუნველყოფდნენ მის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა სასტუმროში გადაყვანას. 

„ნორმალური პროცესია ეს. გასაგებია, რომ იქირავეთ, მაგრამ კერძო საკუთრებაა. გიბრუნდებათ ის თანხა“, – ეუბნებიან ბერიძეს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს:

"ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მის ფიზიკურ, ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს, ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“.

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

კომენტარები