მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარავი დატოვა

ტაბულა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირი დატოვა. მან პარლამენტის წინ გაშლილი კარავი მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტებს პირველი კომენტარი მისცა და თქვა, რომ სალოცავად მიდიოდა. 

"წელიწადია აქ ვდგავარ და სამართლიანად ვითხოვ დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები. მთელი წელია მთელი ქვეყანა მიყურებს და აქ ვდგავარ, ვითხოვ დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც აქვს სახელმწიფოს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ დიდი ხანია, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება", - თქვა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა. 

კომენტარები