Jessie J საქართველოში

Jessie J საქართველოში იმღერებს - კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J საქართველოს ესტუმრება და "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს.

კონცერტი 6 აგვისტოს გაიმართება.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ 2 ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნის ათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

მომღერალს რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა, R.O.S.E.-მა საშუალება მისცა ეს პერსონალურ განაცხადად და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოდ ექცია. 4 ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარი მთლიანად Jessie J-ს ტექსტების მიხედვით შეიქმნა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს.

"ბლექ სი არენას" ინფორმაციით, სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება მომღერალი ქართველი მაყურებლის წინაშე.

კომენტარები