ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

შსს: ინტერნეტით ნარკორეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოვავლინეთ, 7 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კვლავაც აგრძელებს ნარკოდანაშაულთან აქტიურ ბრძოლას. ამის დასტურად, შსს-ის ცნობით, მათ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გამოავლინეს, რომლის ფარგლებშიც 7 პირი დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, 7 დაკავებულიდან 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია - დედა, მამა და 2 შვილი. მათივე ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. 

"კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,"- წერია შსს-ს რელიზში. 

უწყების ცნობით, შვიდივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგა"-ზე დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელით MEGASHOP, რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებ-გვერდ "მატანგა"-ს ანგარიშზე ერიცხებოდათ,"- წერია განცხადებაში. 

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 676 პირი მისცა, მათგან კი მხოლოდ 55 იყო ნარკორეალიზატორი. 

ამასთან, შსს-მ პირველი იანვრიდან დღემდე 13 კილოგრამი "ჰეროინი", 1 530 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 2 400 აბი "ესტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატი ამოიღო. 

კომენტარები