შავგულიძე: რატომ არ უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლების ცვლილება მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან?

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, პარტიების ლიდერებთან ერთად, ვერის ბაღში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.

შავგულიძის თქმით, მთაწმინდა შეიძლება იყოს სწორედ ის ოლქი, საიდანაც ხელისუფლების ცვლილება დაიწყება:

"ხედავთ, რამდენი ხალხია მოსული შეხვედრაზე - განწყობა არის ერთიანი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ ნახა ქართული ოცნების ვერც მოტანილი სამართალი, ვერც კეთილდღეობა.  მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველში არის განწყობა - რატომ არ უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლების ცვლილება მთაწმინდის საალჩევნო ოლქში? რატომ არ უნდა იყოს მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, სადაც ბიძინა ივანიშვილს ეტყვიან, რომ შვიდი წელია, გვატყუებ, გვპირდები და არ ასრულებ, არ გვჯერა და ამიტომ ნდობას აღარ გიცხადებთ," - თქვა შალვა შავგულიძემ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიების გაერთიანება იმის გააზრებაზე დგას, რომ უსამართლობა არავის ეპატიება:

„შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს ჩვენს ყველაზე დიდ უსამართლობას - გირგვლიანის საქმეს ებრძოდა. ჩვენი გაერთიანება დგას ზუსტად იმ გააზრებაზე, რომ უსამართლობა არ ეპატიება არავის, შეიძლება ხალხის წინააღმდეგ წასვლა. დღესაც შალვა შავგულიძე, უკვე ჩვენთან ერთად, ერთად ვებრზვით დღევანდელ უსამართლობას, რაც არსებითად იგივეა. ეს არის თავგასული ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ მე მინდა მორჩილი სასამართლო, მორჩილი სამართალი,"- ამბობს ელენე ხოშტარია.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანის ნინო გოგუაძის თქმით კი არჩევანს თავისუფალი ადამიანები აკეთებენ და მათი არჩევანი პრინციპულობა და წესიერებაა.

"ეს არჩევნები არის ხელისუფლებისთვის და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის იმის თქმა, რომ ისე არ იქნება, როგორც მან დაგეგმა და გადაწყვიტა. ამ არჩევანებს ვაკეთებთ თავისუფალი ადამიანები. თავისუფალ ადამიანებს გვაქვს თავისუფალი ნება. ჩვენი ნება არის, რომ ხმა მივცეთ პრინციპულობას, წესიერებას, სამართლიანობას და ევროპულ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს" - თქვა ნინო გოგუაძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები