დაგროვებითი საპენსიო სისტემა

"ეს სქემა არ იძლევა ღირსეულ სიბერეს" - ევროპული საქართველოს წევრებმა საპენსიო სისტემა დატოვეს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა - ლელა ქებურიამ, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

კანონმდებლობის მიხედვით, ამის საშუალება 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს აქვთ. გიგა ბოკერია თქმით, მოქალაქეების ნაწილმა ეს არ იცის და არც მთავრობამ აწარმოა კამპანია, რათა მათ ინფორმაცია ჰქონოდათ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მთავრობის პირობებში, უმჯობესია ადამიანები თავიანთ ფულს თვითონ განკარგავდნენ.

"სახელმწიფო მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს და ყველაზე მეტად უჭირს, ჯიბეში უყოფს ხელს და ართმევს მათი არჩევანის გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ თანხას, რომელსაც დიდი ალბათობით გაფლანგავს. ეს ე.წ. საპენსიო რეფორმა რეალურად არის თანხების ამოღება ძალით ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის ფაქტორი, რომელიც ამცირებს სამუშაო ადგილების შექმნის შანსს, ამცირებს შემოსავლებს, ანელებს ეკონომიკურ ზრდას, ზრდის საგადასახადო წნეხს. ანუ, ყველანაირი მავნებლობაა.

ამიტომ, მე როგორც მოქალაქე, ვიყენებ შესაძლებლობას, რომ ჩემ ფულს მე თვითონ განვკარგავდე და არა მთავრობა. ყოველთვის ჯობია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარ ფულზე კონტროლი, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას და მით უმეტეს ისეთს, როგორიც ივანიშვილის მთავრობა", - ამბობს ბოკერია.

სავალდებულო საპენსიო რეფორმას "ქართული ოცნების" ხაფანგს უწოდებს ზურაბ ჭიაბერაშვილი და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სისტემის დატოვების უფლება 40 წლამდე მოქალაქეებს არ აქვთ. ის 40 წლის ზემოთ ადამიანებს სისტემიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც არის ქართული ოცნების მთავრობა. მაგრამ, იდეალური მთავრობაც რომ იყოს, ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს დეპუტატები საუბრობენ თავიანთ მოდელზე, რომლის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი და ამაში დაიხარჯება საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, დამატებითი თანხის გადახდა კი მოქალაქეებს აღარ მოუწევთ.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია - მათ სისტემის დატოვება შეუძლით. ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში.

კომენტარები