თბილისის მერია

"ისწავლე და დასაქმდი" - მერია პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს

თბილისის მერია

თბილისის მერია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად პროფესიული გადამზადების პროგრამას - "ისწავლე და დასაქმდი" იწყებს.

კახა კალაძის თქმით, აქვთ ინფორმაცია რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან და ეს პროგრამა ახალგაზრდებს ამ მიმართულებებით დასაქმების საშუალებას მისცემს.

"ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა - ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან და სად არიან საჭირო პროფესიონალი, გადამზადებული და კვალიფიციური ადამიანები. აღნიშნულ პროექტს წელსაც ვიწყებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, გადამზადების შემდეგ, ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ. ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე ადამიანები უფრო პროფესიონალები გახდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. სასწავლო კურსი სამი თვე გაგრძელდება", - თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

"დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას", - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 1 000-მდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.

კომენტარები