Tbilisi Pride: შსს-მ გვითხრა, რომ ღირსების მარშის მშვიდობიანად ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს

Tbilisi Pride

თბილისი პრაიდის ცნობით, შსს-სგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეული და "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდეს. 

პრაიდის გუნდმა 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სწორედ იმ არსებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.

"ჩვენი გუნდი აპირებს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და როგორც ქვიარ თემს, ასევე მხარდამჭერებს მიაწოდოს ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი", - წერია Tbilisi Pride-ის განცხადებაში. 

ლგბტ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს ჩატარდება. მას ორგანიზებას მოძრაობა "თბილისი პრაიდი" გაუწევს. ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები