რუსეთი

რუსი პარლამენტარი: რაც მეტი უფლება გვექნება, მით ნაკლებად თავისუფლები ვიქნებით

Russia Beyond

რუსი კანონმდებლის, იელენა მიზულინას თქმით, სამოქალაქო უფლებები ადამიანებს ზღუდავს, ხოლო აკრძალვები თავისუფლების ერთ-ერთი ფორმაა.

"აკრძალვა - ეს ადამიანის ყველაზე დიდი თავისუფლებაა და თქვენ ყოველთვის გეუბნებიან, აი, დეპუტატები თქვენ ყოველთვის გიკრძალავენ - ეს სიცრუეა, არასწორი წარმოდგენაა. აკრძალვით ადამიანი სწორედაც რომ თავისუფალია იმიტომ, რომ ის ამბობს: ეს არ შეიძლება, დანარჩენი კი როგორც გინდა, შენ თავისუფალი ხარ შენ არჩევანში. რა არის უფლება? სწორედ ეს არაა თავისუფლება. მინდა გითხრა, რომ რაც მეტი უფლება გვექნება, მით ნაკლებად თავისუფლები ვიქნებით..." - აღნიშნა მიზულინამ.

რუსულ მედიაში მედიაზონა პარლამენტარის სიტყვები ჯორჯ ორუელის წიგნიდან 1984 ერთ-ერთ ამონარიდს შეადარეს - "ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, უმეცრება კი ძალა".

მიზულინა რუსეთში აქტიურად უჭერდა მხარს ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციას, 2012 წელს რუსეთში "გეი პროპაგანდის" აკრძალვას, ის ასევე ლობირებდა რუსეთში უკანასკნელ ინტერნეტ აკრძალვებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

ასევე 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისათვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკოსროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

 

კომენტარები