უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - ავსტრალიის საარჩევნო უბანზე პოროშენკომ გაიმარჯვა

Oleg Petrasiuk

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ავსტრალიის საარჩევნო უბანზე მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიაში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ავსტრალიის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად სულ 99 უკრაინელი მივიდა, მათგან კი პოროშენკოს მხარი 72-მა ადამიანმა დაუჭირა, ვოლოდიმირ ზელენსკის კი - 26-მა. ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. 

ავსტრალიის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში პირველ ტურზე დაბალი იყო. პირველ ტურში ხმის მისაცემად 125 ადამიანი მივიდა და მათი რჩეული მაშინაც პოროშენკო გახდა. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დამთავრებამდე 1 საათზე ნაკლები დრო რჩება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და ზუსტად 12 საათის შემდეგ, 20:00 საათზე დაიხურება. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდებიან. 

15:00 საათის მონაცემებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობამ 45,32% შეადგინა. ამ ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები