უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ზელენსკის საარჩევნო უბანზე უკანონო აგიტაციის გამო პოლიციამ ოქმი გამოუწერა

Facebook/Volodymyr Zelenskiy

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს, ვოლოდიმირ ზელენსკის, საარჩევნო უბანზე აკრძალული აგიტაციის გამო პოლიციამ ოქმი გამოუწერა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკის შტაბი ავრცელებს. 

უკრაინელებმა სამართალდამცავებმა უკანონო აგიტაციად ის ფაქტი ჩათვალეს, რომ ჟურნალისტების მოთხოვნის საფუძველზე, ზელენსკიმ მათ ბიულეტენი აჩვენა, სადაც საკუთარი თავი ჰქონდა შემოხაზული. ამ ქმედებისთვის უკრაინის კანონმდებლობა ჯარიმას ითვალისწინებს 510-დან 850 [51-დან 85 ლარამდე] უკრაინულ ჰრივნამდე.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო გადაწყვეტს. 



უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდებიან. 

15:00 საათის მონაცემებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობამ 45,32% შეადგინა. ამ ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. 

კენჭისყრა უკრაინის დროით 08:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები