15:00 საათის მონაცემებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აქტივობამ 45,32% შეადგინა. ამ ინფორმაციას უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პირველი ტურის გამარჯვებული ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდებიან.
კენჭისყრა უკრაინის დროით 08:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.
გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.