მოჰამედ სალაჰი

სალაჰი: ჩვენს კულტურაში ქალებთან მოპყრობა უნდა შეიცვალოს, ისინი მეტს იმსახურებენ

ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ "ლივერპულში" თამაშობს TIME-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.

TIME-თან ინტერვიუში სალაჰი ეგვიპტელებს და სხვა მუსლიმ მამაკაცებს მოუწოდებს ქალებს მეტი პატივისცემით მოექცენ.

"ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს, თუ როგორ ვეპყრობით ქალებს ჩვენს კულტურაში. მე ქალებს ახლა უფრო მეტად ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ ისინი იმაზე მეტს იმსახურებენ, რასაც ახლა იღებენ. ეს უნდა მოხდეს, ეს არჩევითი არაა." ამბობს ფეხბურთელი.

სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს 28 წლის მანძილზე პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. ფეხბურთელი რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ფეხბურთის ფანები მას საკუთარი შვილივით უყურებენ.

26 წლის ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც კარიერის დასაწყისში გადალახა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, ამას მისი ცხოვრების სტილი არ შეუცვლია და თამაშის შემდეგ მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება 5 წლის ქალიშვილთან ერთად დროის გატარებაა.

კომენტარები