აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს

კიმ ჩენ ინი და მაიკ პომპეო
Getty Images

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მას უპასუხიმგებლობაში და არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით თუ პომპეო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს ისინი უშედეგოიქნება და სასურველი ის უფრო წინდახედული პიროვნებით შეიცვალოს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

პომპეო ჩრდილოეთ კორეას გასულ წელს ოთხჯერ ეწვია. მათ შორის იყო შეხვედრა კიმ ჩენ ინთან. ივლისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა პომპეოს მხრიდან დენუკლეარიზაციის თაობაზე "განგსტერული" სტილის მოთხოვნები დაგმეს.

გასულ კვირას აშშ-ის სენატის კომიტეტის მოსმენაზე პომპეოს ჰკითხეს ეთანხმებოდა თუ არა კიმ ჩენ ინის "ტირანად" მოხსენიებას რაზეც მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, მე ეს მითქვამს კიდეც."

ამას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ თქვეს, რომ პომპეომ საკუთარი აგრესიული ხასიათი გამოამჟღავნა და ქვეყნის უზენაესი ლიდერის ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. სამინისტროში ჰანოის სამიტის მოულოდნელად დასრულებაშიც სწორედ პომპეო დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ საუბარი მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრაზე. მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივენ ბეიგანი გაემგზავრა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები