პულიცერის პრემია

Capital Gazette-ს პულიცერის პრემია საკუთარ ოფისზე მომხდარი თავდასხმის გაშუქებისთვის გადასცეს

EPA

ამერიკულმა გაზეთმა Capital Gazette პულიცერის პრესტიჟული პრემია მიიღო, თუმცა მერილენდში მდებარე მათ ოფისში ეს გამარჯვება არ უზეიმიათ.

გაზეთმა პრემია იმ თავდასხმის გაშუქებისათვს მიიღო, რომელიც მათ ოფისზე გასული წლის ივნისში მოხდა და რომელსაც 5 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა გაზეთი მომდევნო დღეს ჩვეულ დროს გამოქვეყნდა.

შეიარაღებული მამაკაცი გაზეთს თავს იმიტომ დაესხა, რომ გამოცემამ მისი მხრიდან ქალის შევიწროების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

გაზეთი პრემიასთან ერთად ჯილდოს სახით 100,000 აშშ დოლარს მიიღებს.

პრესტიჟული პრემია ასევე მიიღეს New York Times-მა და Wall Street Journal-მა დონალდ ტრამპის შესახებ გამოძიებებისათვის და მიანმარში დაკავებულმა Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს აშუქებდნენ. Reuters-ში ამბობენ, რომ ისინი პრემიის მიღებას არ იზეიმებენ, სანამ მათ კოლეგებს არ გაათავისუფლებენ.

ასევე დაჯილდოვდნენ The Pittsburgh Post-Gazette პენსილვანიის სინაგოგაზე თავდასხმის გაშუქებისათვის, South Florida Sun Sentinel-ი კი გასული წლის თებერვალში აშშ-ის სკოლაში მომხდარი სროლის და სკოლისა და სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო რეაგირების გაშუქებისათვის.

The Washington Post-მა ფოტოჟურნალისტიკის პრიზი იემენის კონფლიქტის გაშუქებისათვის მიიღო.

კომენტარები