რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.
კანონი ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაციის შესახებ ძალაში 2019 წლის 1 ნოემბრიდან შევა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე ის საზოგადოებამ გააკრიტიკა. 10 მარტს მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა. მოსკოვის ქუჩებში 15 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაციის შესახებ კანონპროექტი გაეპროტესტებინა. მოსკოვის გარდა პარალელური აქცია ჩატარდა სანკტ-პეტერბურგშიც, სადაც რუსული ლიბერტარიანული პარტიის აქტივისტებმა ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს "როსკომნადზორის" კარი აჭედეს, პოსტერები გააკრეს და წითელი კვამლი გაუშვეს.
კანონი, რომელიც დუმამ მიიღო, რუსეთის ხელისუფლებას ქსელის რუსული სეგმენტის კონტროლირების უფლებას აძლევს.
კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით 12 თებერვალს დაუჭირეს.
კანონპროექტის ერთერთმა ავტორმა, ლიუდმილა ბოკოვამ, თქვა, რომ კანონპროექტი დამატებით რესურსებს არ მოითხოვს, რადგანაც ეს ხარჯები უკვე გაწერილია დამტკიცებულ 2021 წლის ბიუჯეტში. კონკრეტულ თანხას რუსი დეპუტატი არ ასახელებს.
კანონპროექტი დუმაში სენატორებმა, ანდრეი კლიშასმა და ლიუდმილა ბოკოვამ, შეიტანეს. ის მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს.
Интерфакс-ის წყაროს ცნობით, ბიუჯეტში მომავალ 3 წელში 1.8 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული ამ კანონის შესასრულებლად. თავად კლიშასი ამბობდა, რომ ამ ინიციატივის შესასრულებლად 20 მილიარდი რუბლია საჭირო.
კლიშასი თავდაპირველი კანონპროექტი ბიუჯეტურ რესურსს არ ითვალისწინებდა.





